Alphabet stories for kids

სათამაშო ანბანი – ნანა ლომჯარია

 

სათამაშო ანბანი განკუთვნილია ბავშვებისათვის 5–დან 8 წლამდე. საინტერესოა
პატარებისათვის, რომლებიც სწავლობენ ან ახალნასწავლი აქვთ კითხვა. 33 ასო,
33 პატარა სიუჟეტი. თითოეული სიუჟეტის ყველა სიტყვა იწყება შესაბამისი
ასოდან.

Alphabet game is designed for children 5 - to 8 years. It is interesting For children, who are learning or have recwntly learned a letters. 33 letters 33 little story. All words of each story begins with same letter.

.

...

A ანი

        ანანო ადრე ადგა, აპრილი ახლოვდებოდა. ანანოს ახლოს აურზაური ატყდა. ახალგაზრდები ადგილზე არაჩვეულებრივად ასკინკილობდნენ. ანანო აკისკისდა. ახალგაზრდა აკრობატი  ამაყობდა ასკინკილით, ანანოს ათვალიერებდა.

    - აბა, ანგელოზო, არ ამყვები ასკინკილაში?

    - არა, არ აგყვები. ასკინკილა არ ამშვენებს ადამიანს.

    - აკრობატობა არ ამშვენებს?

    - აკრობატობა არასერიოზულია. აი, ალპინიზმი არის აუცილებელი.

    - ალპინიზმი? აჰ, აჰ, აჰ, - ახარხარდა ანანოს ახალი ამხანაგი. – არა, ალპებში ასკინკილით არ ადიან. აკრობატები არ აცოცდებიან აღმართზე, აკრობატი ადგილზე ასკინკილას აირჩევს.  

    - აბა, ადგილზე ახტი-დახტი! ანგელოზს არ აინტერესებს აკრობატისნაირები.

    ალპებიდან არწივი აფრინდა, ანანოსთან აღმოჩნდა, აიტაცა.

    - აი, აკრობატო, ანანო ალპებზე აპირებს აფრენას. ახლავე აირჩე, არ აფრინდები?!

    - არწივო, არ ააფრინო, ავი არსებაა. – აყვირდა ახალგაზრდა აკრობატი.

    - არა, ადამიანო, ანანო ანგელოზია, არწივების ანგელოზი.

             

B ბანი

    ბინდდებოდა. ბაია ბაღში ბავშვებთან ბურთაობდა.

    ბაღში ბალახი ბიბინებდა.

    ბაღის ბოლოს ბიჭები ბეღურას ბუმბულს ბდღვნიდნენ.

    - ბაბუ, ბაბუ, ბიჭები ბეღურას ბარტყს ბდღვნიან.

    ბაიას  ბუთხუზა ბაბუ ბრაზობს, ბობოქრობს:

    - ბიჭებო, ბავშვებო, ბეღურის ბდღვნა ბოროტებაა. ბუ, ბეღურა,  ბულბული ბუნების ბინადარია. ბოროტები ბრძანდებით?

    ბიჭები ბაღიდან ბინებისაკენ ბუზღუნით ბრუნდებიან.

    ბედნიერი ბაია ბუთხუზა ბაბუსთან ბურთაობს.

    ბეღურები ბაღში ბზიკებს, ბუზებს ბურჯგნიან.

    ბაია ბრაზობს: ბეღურებიც ბიჭებისნაირი ბოროტები ბრძანდებიან. ბიჭები ბარტყებს ბდღვნიან, ბეღურები-ბზიკებს, ბუზებს.

               

G განი

    გვანცამ გუშინ გვიან გააცილა გოგონები. განიცდიდა გურამის გუნდის "გმირობას". გრუხუნი გაისმა. გვერდითა გასასვლელიდან გნომი გამოჩნდა.

    - გამარჯობა გვანცა.

    - გაგიმარჯოს, გიცნობ? – გნომმა გაიღიმა.

    - გიჯობს გამიცნო! გნომი გრუმი გესალმება.

    - გოგო გვანცა გესალმება. – გამოაჯავრა გვანცამ.

    გნომი გრუმი გაიბუტა.

    - გელაპარაკები, განა გამასხარავებ? გინდა გაჩვენო გნომების განძი?

    გვანცას გაუხარდა.

    - განა გნომებს განძი გაქვთ?

    - განსაკუთრებული განძი. – გაუღიმა გრუმმა. გნომმა გულმკერდი გაიღეღა, გვერდიდან გლუვი გორგოლაჭი გამოიღო, გვანცას გაუწოდა.

    გვანცამ გახედა, გაუკვირდა. გორგოლაჭი გასაოცრად განათებულ-გაბრჭყვიალებულიყო, გულში გაღიმებული გნომი გრუმი გამოჩნდა.

    - გვანცა, გაჭირვებისთანავე გამომიძახე, გორგოლა გადაატრიალე, გრუმი გვანცას გვერდით გაჩნდება.

    გვანცამ გრუმს გახედა, გნომი გაქრა, გრუმი გაბრწყინებულ გორგოლაში გემრიელად განთავსებულიყო.

              

D  დონი

    დილით დუდა დედას დაეხმარა: დერეფანი დაასუფთავა, დივანი დაალაგა. დედოფალა დაბანა და დააპურა. დარაბასთან დადგა, დურბინდი დაიჭირა და დაინახა დიდი დევი დიდ დოლს დასცქეროდა, დოლთან დასაკრავად დამდგარიყო.

    - დოლზე დაკვრა დამავიწყდა, - დუდუნებდა დამწუხრებული დევი.

    დუდა დაადარდიანა დევის დუდუნმა. დურბინდი დადო და დევს დაუძახა:

    - დოლზე დაკვრას დაგაწყებინებ დევო, დამელოდე.

    დევმა დაინახა დუდა და დაიმორცხვა. დევი დაელოდა დუდას. დუდამ დევს დაკვრა დააწყებინა. დევის დაკვრა დაგადუგს დაემსგავსა. დუდამ დაუყვავა.

    დევმა დუდას დაუჯერა, დადგა დოლთან და დიდხანს დაგადუგობდა.

    დუდა დედიკოსთან დაბრუნდა, დაწვა და დაიძინა. დაესიზმრა-დევს დოლზე დაკვრა დაეწყო და დარდიც დავიწყებოდა.

                 

E   ენი

    ელენეს ეზოში ენძელას ეკლები ერჩოდნენ. ეკა ელენეს ეძახდა:

    - ელენე, ელენე, ეკალი ენძელას ერჩის.

    - ეკალო, ეხლავე ეხსენ ენძელას, ეტკინება. - ეჩხუბებოდა ელენე ეკლებს.

    ეკლები ელენეს ემანჭებოდნენ, ენძელას ეშმაკურად ებრძოდნენ, ერთობოდნენ.

    ენძელას ერთი ელფი ეახლა. ეკლებს ეძგერა. ენძელას ესიამოვნა. ელფი ეკლებს ერთმანეთს ესროდა, ენძელას ეხმარებოდა, ეკლებს ელვისებურად ესხმოდა, ებრძოდა.

    ენაჩავარდნილი ეკლები ერთმანეთს ეფარებოდნენ, ელფის ეშინოდათ, ემალებოდნენ. ემუდარებოდნენ, ებოდიშებოდნენ.

    ელფი ეკლებს ეხსნა. ენძელას ეახლა, ეამბორა.

    ენძელას ეამაყებოდა ელფის ერთგულება.

            

V  ვინი

    ვარსკვლავი ვიკას ვარდნარში ვარდება. ვარდები ვიშვიშებენ:

    - ვაი, ვაი, ვკვდებით, ვეებერთელა ვარსკვლავი ვარდება, ვიღუპებით.

    ვიკა ვარაუდობს:

    - ვარსკვლავს ვიღებ, ვარდებს ვამშვიდებ. ვის ვაჩვენო ვარსკვლავი? ვასიკო ვნახე ვერანდაზე. ვერა, ვასიკოს ვერ ვაჩვენებ ვარსკვლავს. ვასიკოს ვერ ვენდობი.

     ვარსკვლავი ვარდებთან ვაი-ვიშობდა: ვერ ვიფრენ, ვერასოდეს ვეღარ ვიფრენ. ვიკას ვეახელი, ვიკას ვარსკვლავი ვარ.

    - ვარსკვლავს ვფლობ, ვარდებო, ვარსკვლავს. ვერავის ვერ ვაჩუქებ, ვერც ვათხოვებ.

    ვარსკვლავი ვიკასია.

                       

Z ზენი

    ზინიკო ზოოპარკში ზორბა, ზინზილებიან ზებრაზე ზის. ზებრა ზმუის:

    -ზღვასთან ზურმუხტებიანი ზარდახშაა, ზედ ზვირთზეა.

    - ზურმუხტებიანი ზარდახშა? ზღვის ზვირთზე? ზარდახშა ზეგანზეა, ზედ ზღარბი ზის, ზურმუხტი ზღარბისაა.

    ზღვა ზეიმობს:

    - ზურმუხტებიანი ზარდახშა ზინიკოსია. ზღარბი ზარმაცია, ზანტია.

    ზინიკო ზარდახშას ზორბა, ზოლიანი ზებრის ზურგით ზღურბლამდე ზიდავს.

    ზღარბი ზამბახთან ზის.

    - ზარდახშა ზღარბებისაა. ზღარბებმა ზიდეს ზღვამდე, - ზლუქუნებს ზღარბი.

    ზინიკო ზნეკეთილია.

- ზღვაო, ზვირთებო, ზურმუხტებიანი ზარდახშა ზღარბებისაა. ზინიკოსი ზამბახია.

    ზღარბები ზეიმობენ. ზინიკო ზოლიან ზებრაზე ზამბახით ზის.

    - ზინიკო ზურმუხტივითაა, ზინიკო ზურმუხტია, - ზუზუნებენ ზღარბები.

             

T თანი

    თებერვალი თებერვლობდა. თოვდა. თეონა თინიკოსთან თოვლში თამაშობდა. თეონას თვალწინ თხუნელები თათებით თოვლს თხრიდნენ. თხარეს, თხრილამდე თხარეს. თხრილში თეთრი თაგუნა თვლემდა. თაგუნა თუხთუხებდა:

    - თავხედებო, თხრილი თაგვებისაა.

    თხუნელები თავდაპირველად თამამად თხოულობდნენ თავის თხრილს.

    - თაღლითებო, თავნებებო, - თხუნელების თავხედობით თავგზააბნეული თაგუნა თრთოდა. თეონამ თაგუნას თხოვა:

    - თუნთულა თაგუნა, თავისუფლად თავსდებით თხრილში თხუნელებიც, თაგვებიც.

    თავდახრილი თხუნელები თაგუნას თხილს თავაზობდნენ. თაგუნა, თხუნელებთან თხრილში თბუნდებოდა.

    თებერვალი თებერვლობდა. თოვდა. თეონა თინიკოსთან თოვლში თამაშობდა.

             

I ინი

    ივნისი იყო, იალაღზე ირემი იწვა. იბრძოლა, იმიტომაც იწვა, ისვენებდა. იალაღს იქით იცქირებოდა.

    ირინა იგვიანებდა. ირემმა ირინასათვის იაგუნდები იშოვა.

    ირინა იუბილარი იყო.

    - ირინა იამაყებს იაგუნდებით, - იფიქრა ირემმა.

    იალაღზე ირინა იდგა, იღიმებოდა:

    - ირემო, ისვენებ? იბალახე? - ირემი იბუტებოდა. იაგუნდებს იქით-აქეთ ისროდა.

    - იაგუნდები იშოვე? - იკითხა ირინამ.

    - იცოდე, იცემები. - იხუმრა ირემმა. იაგუნდები ირინასაკენ ისროლა.

    ირინა იცინოდა, იაგუნდებით ირთვებოდა.

    - ირემი იბატონებს იალაღზე, - იღიმებოდა ირინა.

    ირინა იბრწყინებს იაგუნდებით.

    ირინა იუბილარია.

      

K' კანი

    კლდეზე კოწახურის კანფეტის კოშკი კაშკაშებს. კოშკის კარებთან კარამელის კიბეა. კრამიტიც კანფეტისაა. კოშკის კუთხეებში კაკაოიანი კასრებია. კასრებიც კნატუნა კანფეტისაა. კარამელის კიბეზე კატის კნუტები კოხტაობენ, კრუტუნებენ. კედლებზე კრეკერებია.

    კოტიკო კატის კნუტებიანად კრუასანებზე კოტრიალობს. კბეჩს კრემიან კრუასანს.

    - კარგია, კარგი, - კისკისებს კოტიკო. კოტიკო კმაყოფილია.

    კარამელის კიბესთან კრუხი კაკანებს:

    -კოტიკო, კრუასანი კარგია? კაკაოც კარგია?

    - კრუასანი კარგია, კრეკერებიც კარგზე კარგია, კარამელიც კარგია, კრუხო. - კრუტუნებს კატა.

    - კარგი, კატუნია, კმარა. კრუხო, კრუასანი კანაფზე კვანძით კიდია. კენკე!

    კრუხი კრუასანს კენკავს. კმაყოფილი კაკანებს.

    კმაყოფილია კატაც, კრუხიც, კოტიკოც.

    კოწახურის კანფეტის კოშკი კვლავ კაშკაშებს.

                 

L ლასი

    ლომი ლეგენდაზე ლაპარაკობდა:

    - ლომები ლელიანში ლაზათიანად ლხინობენ. ლუკაც ლომებთან ლხინობს. ლელიანში ლერწამია, ლელიანთან ლაბირინთიცაა. ლაბირინთში ლოლუები ლღვება.

    ლაბრადორიც ლომებთან ლხინს ლამობს. ლაბრადორი ლურჯთვალა ლეკვითაა. ლომები ლაბრადორის ლეკვს ლოკავენ.

    ლეკვი ლეღვს ლოღნის.

    - ლუკა ლამაზია, ლოყაწითელაა. ლომიც ლამაზია, - ლაქუცობს ლაბრადორის ლეკვი.

    - ლომო, ლეგენდა ლოლუასავით ლღვება. ლხინი ლაზათიანია.

     - ლამაზად ლაპარაკობ, ლუკა! - ლუღლუღებს ლომი.

    ლეკვი ლომობას ლამობს, ლომი ლეკვივით ლუკმა-ლუკმა ლოღნის ლეღვს.

    ლეკვი ლუკას ლოკავს.

           

M მანი

მაიკო მონადირის მეგობარია. მონადირეს მაიკო მოდიშეთში მიჰყავს.

    მონადირე მოდიშელია, მაიკო მასთან მინდორზე მისეირნობს. მინდვრის მერე მთაა, მთასთან მდელოა.

    - მონადირევ, მოდიშეთში მივედით?

    - მალე მივალთ. - მიუგო მონადირემ მაიკოს.  მინდა, მოდიშეთი მოგატარო. მისი მშვენიერება მოინახულო. მომენდე. მოდიშეთის მიწა, მზე, მთვარე, მშვენიერია. მაისში მიმოზებითაა მინდვრები მოფენილი. მარწყვი მწიფს. მერცხალი მოდიშელის მხარზეა მოკალათებული. მხოლოდ მარტოობა მკლავს. მემეგობრე.

    - მეც მინდა მეგობარი, -  მიუგო მაიკომ.

    მაიკო მონადირესთან მეგობრობს.

.

N ნარი

    ნაახალწლევია.

    ნამტირალევი ნარცისი, ნაზი ნიბლია, ნაგაზი, ნიკას ნობათს ნატრობენ.

    ნარცისი ნაკადულთანაა, ნიბლია-ნარცისთან.

    ნარცისი ნაღვლობს: ნიბლიავ, ნიანგი ნახე? - ნიანგი ნილოსის ნაპირზეა, ნიკას ნუგებიან, ნაზუქებიან ნობათს ნახულობს.

    - ნარცისო, ნუ ნერვიულობ, ნაგაზიც ნობათს ნატრობს.

      ნიკა ნობათით ნარცისთანაა.

    ნარცისი, ნიბლია, ნაგაზი, ნიკას ნუგბარი ნობათით ნადიმობენ.

    ნიკას ნახელავით ნიანგიც ნასიამოვნებია. ნებივრობს ნილოსის ნაპირებზე.

O ონი

    ოქროსთმიანი ოთო ოცნებობს, - ორმოში ოქროა. - ომარიკო ოხრავს, - ოღონდ ოქროული ოფოფისაა.

    ოთო ონავარია, ოინბაზობს. ოთო, ომარიკო - ოტიას ოჯახია.

    - ოთო, ოქრო-ვერცხლი ოფოფისაა. ოდითგანვე ომობს ოქრომჭედელი ოფოფთან. ოქრომჭედელი ოსტატია, ოქრო-ვერცხლის ოსტატი.

    - ოფოფს - ოქროვაშლა, ოქრო-ვერცხლი - ოქრომჭედელს, ოღონდ, ოქროვაშლა ოქროყანაშია, - ოხუნჯობს ოტია.

    - ოფ, ოფ, ოქროვაშლა? ოქროვაშლა ოფოფის ოცნებაა. - ოინბაზობს ოფოფი.

    ოთოს, ომარიკოს ოცნება ომლეტია.

    ოფოფი ოქროყანაში ოქროვაშლასთანაა, ოქრომჭედელი ოქრო-ვერცხლიან ორმოსთან.

P' პარი

    პაპუნა პატარაა. პაპუნა პეტრე პაპასთანაა. პეტრე პაპა პიანისტია. პაპა პაპუნას პატრონობს.

    პარასკევს პატარა პაპუნა პარკში პინგვინს პოულობს. პინგვინი პირდაუბანელია. პაპუნა პირდაუბანელ პინგვინს პარიკმახერთან პატიჟებს. პარიკმახერი პინგვინს პარსავს.

    პარკში პეპელაცაა. პეპელა, პირიქით, პრანჭიაა. პინგვინი პანამითაა, პეპელა პომადით.

    პინგვინი პეპელასთან პრანჭიაობს, პინგვინი პანტას პოულობს. პეპელას პანტაზე პატიჟებს.

ZH ჟანი

    ჟირაფი ჟონგლიორთან ჟრიამულობს. ჟონგლიორი ჟაბოიანი ჟილეტითაა.

    ჟირაფი, ჟოლოს ჟელეთი ჟასმინთანაა.

     ჟარნაშო ჟღურტულებს

    - ჟირაფო, ჟეჟე ჟონგლიორი!

    ჟირაფი, ჟივილხივილობს.

    - ჟონგლიორო, ჟარნაშოს ჟელეს ჟამია.

    ჟონგლიორი ჟღარუნით ჟონგლიორობს:

    - ჟირაფო, ჟარნაშოსთვისაცაა ჟელე.

    ჟარნაშო ჟასმინთან, ჟირაფთან, ჟონგლიორთან ჟოლოს ჟელეთია.

    ჟივილხივილით ჟრიამულობენ.

                       

R რაე

    რეზიკო რაინდია, რადგან რაშზეა.

    რიკი რეგბისტია.

    რაჭაში რთველია. რიკი რაჭველია. რეზიკო რაშებიანი რაზმით რიკისთან რაჭაშია რთველზე. რეზიკოსთან რაზმში რვა რაინდია.

    - რამდენი რეგვენია რთველზე..... - როხროხებს რაჭველი რიკი.

    - რიკი, რეგვენობას როშავ, - რისხავს რეზიკო.

    რთველზე რია-რიაა.

    რიკი რწმუნდება რატომაც რისხდება რეზიკო.

    რიკი რახათ-ლუხუმით, რულეტით რაინდებთან რუზრუზებს.

    რეზიკო რიკისთან რიგდება.

    რთველია, რაჭაში რთველია.

S სანი

    სალომე საათობით საქმიანობს სადღესასწაულო სუფრასთან.

    სასიამოვნო სუფრაა. სუფრაზე სულგუნი, სალათა, საცივი, საზამთროცაა.     სანდროს საჭმელი სურს.

    საახალწლო სუფრასთან სამნი სხდებიან: სალომე, სანდრო, სოსიკო. სიროფიან სასმელს სვამენ. სანდრო სკოლაში სწავლობს. სალომე სტუდენტია. სალომე სადაფის სამკაულითაა, სოსიკო სანდროს სიძეა.

    - სალომე, საჭმლის სასიამოვნო სუნია.

    სანდროს სამხეცესათვის საგზალი სურს. სანდრო საგზლით სამხეცეშია სპილოსთან.

    სპილო საჭმელს სუნავს.

    სამხეცეში საქანელებიცაა.

                   

T' ტარი

    ტასო ტალავერშია ტაბურეტზე. ტასო ტირის.

    - ტონიკო, ტურა ტყეშია, ტურას ტკივა, ტერფი ტკივა.

    - ტოროლა? - ტიკტიკებს ტონიკო.

    - ტოროლა ტორტით, ტკბილეულით ტკბება.

    - ტურა ტლანქია, ტოროლასთან ტუტუცობდა, ტლაპოში ტყაპუნობდა, ტოროლას ტალახს ტენიდა, ტლინკაობდა. - ტიკტიკებს ტონიკო. - ტურა ტყუის. ტურას ტერფის ტკივილი ტყუილია.

    - ტყუის? -  ტასო ტყეშია ტურასთან.

    - ტურა, ტერფის ტკივილი ტყუილია? - ტურა ტყუილში ტყდება.

    ტურა ტუტუცია.

                 

U უნი

    უჩა უწიგნურია, უვიცია. ურსულა უჩაზე უკეთესია, ულამაზესია. ურსულას უანგაროდ უყვარს უჩა.

    უჩას უჭირს, ულუკმაპუროდაა.

    ურსულა უტკბილეს უნაბს უგროვებს უჩას. უჩა უარობს. ურსულა უყურებს, უღიმის. უნდა, უჩას უტკბილესი უნაბი უჩვენოს.

    უჩა უმზერს ურსულას, უმღერის. ურსულა უსმენს, უთანაგრძნობს.

    უჩა უდედმამოა. უკვე უჩასაც უყვარდება ურსულა. უჩას ურსულას უტკბილესი უნაბიც უნდა.

    ურსულა უამრავს უამბობს უჩას. უჩა უსმენს, უხარია. უჩა უბედნიერესია. ურსულას უჩა უყვარს, უჩას - ურსულა.

               

P ფარი

    ფრიდონი ფალავანია. ფარ-ხმლით, ფაფარგაშლილ ფაშატზე ფრენს.

    ფასკუნჯი ფიქრობს: "ფაშატი ფრენს?"

    ფენიქსიც ფიქრებშია.

      ფრიდონი ფატისთანაა. ფატი ფუსფუსებს, ფარდაგს ფერთხავს. ფრიდონი ფატისთვის ფორთოხალს ფცქვნის. ფატი ფხუკუნებს.

    - ფრიდონ, ფელამუში ფუჭდება, - ფელამუში ფრიდონის ფიალაშია.

    ფასკუნჯი ფენიქსთანაა. ფიქრობენ ფრთიან ფაშატზე.

    - ფენიქს, ფრიდონია ფრთებიანი, ფატიზე ფიქრისაგან ფრენს .

    - ფაშატიც ფატიზე ფიქრობს? - ფხუკუნებს ფენიქსი.

    -  ფრიდონი ფატისაა,Fფაშატი ფრიდონისაა. ფერად-ფერადი ფანტაზიებით ფრენენ.

         

K ქანი

    ქუთაისი ქალაქია. ქალაქში ქვაფენილიანი ქუჩებია. ქალაქში ქალია - ქსენია. ქსენია ქმრიანია.

    ქსენიას ქათმები ქანდარაზე ქოთქოთებენ.

    ქუთაისში ქარხნებიცაა. ქსენიას ქმარი ქარხნების ქება-დიდებაშია.

    ქუთაისში ქარი ქრის. ქათმები ქანდარაზე ქანაობენ.

     ქორი ქათმების ქურდია, ქსენიას ქათმების ქოხს ქურდავს.

    ქსენია ქვითინებს. ქალის ქონება ქათმებია.

    ქსენიას ქმარი ქუხს. ქორს ქვით ქოლავს. ქსენია ქმრის ქებაშია.

    ქათმები ქანდარაზეა.

               

GH' ღანი

    ღორი ღორმუცელაა, ღონიერიცაა. ღორი ღერძს ღუნავს, ღრუტუნებს.

    ღამურა ღორს ღალატობს:

    - ღიღილო, ღელე ღელავს. ღორი ღელეში ღლავს ღრღნის.

    ღიღილო ღიღინებს.

    - ღამურავ, ღვარძლიანობ. ღაბაბიანი ღორი ღუტუნ-ღრუტუნით ღელეს ღობეს ღოღნოშოსფრად ღებავს.

    - ღმერთმანი, ღლავი ღელეშია, - ღრუტუნებს ღორი.

    ღორი ღორმუცელაა, ღამურა - ღალატიანი, ღიღილო ღიმილიანია.

.

                 

Q' ყარი

    ყაყაჩო ყვავილია, ყანაში ყვავის. ყვავი ყიამყრალია, ყრანტალებს. ყველს ყლაპავს, ყურძენსაც ყლაპავს.

    ყურგრძელი ყურცქვიტა ყანაში ყირაობს. ყაყაჩოს ყურმოჭრილი ყმაა. ყანაში ყაყაჩოსთან ყურყუტებს.

    - ყურცქვიტა ყეყეჩია, - ყოყოჩობს ყაყაჩო.

    ყურცქვიტა ყულაბითაა, ყულაბიდან ყველაფერს ყაყაჩოსთან ყრის.

    - ყურცქვიტა ყურადღებიანია, - ყრანტალებს ყვავი.

    - ყაყაჩოც ყურადღებიანია, ყაყაჩოს ყვავილების ყელსაბამი ყურცქვიტასთვისაა. - ყარყატებს ყარყატი.

    ყველანი ყაყანებენ.

                

SH შანი

    შოთიკომ შარვალი შეიკერა. შოთიკოს შავი შარვალი შვენის. შალვას შოთიკოსი შურს.

    შალვამ შოთიკოს შავი შარვალი შიმპანზეს შეუგდო.

    შიმპანზემ შოთიკოს შავი შარვალი შეშებს შუა შეტენა.

    - შალვა, შურიანო, შლეგო. - შორენამ შალვას შოლტი შემოარტყა. შალვას შერცხვა. შარაგზას შეუყვა.

    შაბათს შალვამ შოთიკოს შესანიშნავი შავი შორტები შეაძლია. შოთიკოს შალვას შავი შორტებიც შვენის.

    შორენამ შალვას შოკოლადი შესთავაზა.

                

CH ჩინი

    ჩინეთიდან ჩიტი-ჩიორა ჩვენთან ჩქარობს ჩამოფრენას.

    ჩოჩორი ჩხუბობს:

    - ჩქარა ჩიტო, ჩანჩალებ, ჩქარა ჩამოფრინდი!

    ჩიტი ჩამოფრინდა, ჩალაში ჩახტა, ჩაეძინა.

    ჩოჩორმა ჩვენებური ჩამიჩი, ჩირი, ჩურჩხელა ჩაუტანა ჩიტს.

    ჩიტმა ჩამიჩს ჩაუნისკარტა, ჩირი ჩალაში ჩაყარა.

    - ჩემი ჩვევაა ჩირის ჩალაში ჩაყრა. - ჩაიჩურჩულა ჩიტმა.

    - ჩაკურატებულხარ ჩიტო, - ჩოჩორი ჩიტს ჩქმეტს.

    - ჩერჩეტო ჩოჩორო, ჩინეთში ჩაკურატებული ჩიტები ჩემპიონობენ.

    ჩოჩორმა ჩიტის ჩალა ჩაახრამუნა.

    - ჩოჩორო, ჩემი ჩალა ჩაახრამუნე? - ჩივის ჩიტი.

    - ჩემი ჩვევაა ჩალის ჩახრამუნება. - ჩაიხითხითა ჩოჩორმა.

             

TS ცანი

    ციცინო ცამეტისაა, ციალა ცხრამეტის. ციალა ცემში ცხოვრობს. ცემში ცივა. ციალა ცემში ციგაობს. ციალასთან ცუგაცაა. ციცინო ცისფერთვალაა. ციცინო ციალასთანაა ცემში. ციცინოც ცდილობს ციგაობას.

    - ციალა, ცივა. ცემში ციმბირივითაა. - ცქმუტავს ციგაობისას ციცინო.

    - ცრუობ, ციცინო, ციმბირში ცუდია. ცემში ცა ცისფერია, ციყვები ცხოვრობენ, ციცინათელებიც.

    - ციყვები ციმბირშიც ცხოვრობენ. ციცინათელებს ცეცხლი ცვლის ციმბირში.

    - ცეცხლი ცვლის ციცინათელას? ცეცხლი ცხელია, ციცინათელა ციმციმებს, ცივია. ცანცარებ ციცინო, ცანცარებ!

    ციცინო ცხრება.

    ციალა ცუგასთან ციგაობს.

                  

DZ ძილი

    ძიძია ძეგვშია ძიძასთან. ძეგვში ძნებია. ძიძიას ძიძის ძროხა ძალზედ ძლიერია. ძროხა ძნას ძიძგნის. ძღება.

    ძაღლი ძროხასთან ძუნძულებს. ძაღლი ძროხის ძმობილია.

      ძეგვში ძერაცაა. ძერა, ძიძიას ძიძას ძილისას ძარცვავს. ძიძას ძაღლიც ძალიან ძლიერია, ძერაზე ძლიერი. ძაღლი ძერას ძლევს. ძერა ძაღლის ძლიერებისაგან ძაბუნდება, ძალაგამოცლილი ძეძვში ძლივს ძვრება.

    ძეგვში ძახველია. ძიძია ძიძასთან ძველებურად ძახველით ძღება.

                

TS' წილი

    წუნა წრუწუნას წუნობს. წუნა წითელი წკაპუნებითაა.

    წრუწუნას წყინს წუნას წუნიაობა.

    - წუნა, წამომყევი. წყალტუბოში წაგიყვან. წყალტუბოში წყლებია. - წრუწუნებს წრუწუნა.

    - წრუწუნავ, წადი, წაბლი წამომიღე, წიწიბურაც. - წუწუნებს წუნა. წუნა წავკისშია წიწვებზე წამოწოლილი.

    - წაბლსაც წამოგიღებ, წიწიბურასაც. წეროვანში წამომყვები? წეროვანში წალკოტია.

    წვიმს. წრუწუნამ წაბლი წამოიღო წუნასათვის. წუნა წაბლს წიწკნის.

    - წრუწუნავ, წამოვალ წეროვანში, წეროვანში წმინდა წყარო წანწკარებს. წუთში წავალთ.

    წრუწუნა წუნასთან წიწვებზე წამოწვა. წრუწუნაც წაბლს წიწკნის.

                

CH' ჭარი

    ჭიამაია ჭორფლიანია. ჭიამაია ჭაბუასია. ჭიანჭველა ჭიამაიაზე ჭორაობს.

    - ჭაბუას ჭიამაია ჭაობშია, - ჭუჭყუნებს ჭიანჭველა.

    ჭაბუასთან ჭერამია, ჭანჭურიცაა. ჭიამაია ჭერამს ჭამს, ჭაბუასთან ჭუკჭუკებს.

    ჭაბუასთან ჭრიჭინაცაა, ჭუკიც. ჭრიჭინა ჭანჭურს ჭამს, ჭუკი ჭერამს.

    ჭიანჭველა ჭალაშია. ჭალაში ჭონჭყოა, ჭინჭარიცაა.

    - ჭიამაიას ჭერამი, ჭიანჭველას - ჭინჭარი? - ჭინჭყლობს ჭიანჭველა.

    - ჭიანჭველავ, ჭამე ჭერამი, ჭანჭურიც. - ჭრიჭინებს ჭაბუას ჭრიჭინა.

    ჭრიჭინა, ჭიამაია, ჭიანჭველა, ჭუკი ჭაბუას ჭერქვეშ ჭუკჭუკებენ, ჭურჭლიდან ჭერამს, ჭანჭურს ჭამენ.

                   

KH ხანი

    ხულოში ხეა. ხეზე ხვიარაა. ხუმარა ხეს ხვიარას ხსნის. ხეს ხერხავს.

    - ხუმარავ, ხუმრობ? - ხარხარებს ხარი.

    - ხუმრობს, ხუმრობს, - ხითხითებს ხოხობი. ხოხობი ხითხითისაგან ხოხავს.

    - ხარო, ხმაურობ. ხე ხმელია. ხოხობო, ხევში ხორბალია, - ხტუნავს ხუმარა.

    - ხილი? - ხალისობს ხოხობი.

    - ხილი ხუმარასია. ხვლიკი ხოხავს ხევში, ხორბალს ხრავს, ხოხობის ხორბალს.

    ხოხობი ხევშია ხორბალთან. ხვლიკი ხვრელისაკენ ხოხავს.

     ხოხობი ხალისობს ხორბლით.

    ხუმარა ხარხარებს.

    - ხურმა ხუმარასია.

    - ხენდრო ხარისაა, - ხალისობს ხარიც.

               

J ჯანი

    ჯული ჯადოქარია, ჯადოსნობს.

    ჯაბა ჯარისკაცია.

    ჯული ჯურღმულში ჯუჯებთან ჯირკზე ჯდება. ჯუჯებთან ჯაბას ჯამია. ჯამში ჯემია. ჯადოქარი ჯული ჯაბას ჯამს ჯადოსნობს.

    - ჯაბა ჯანდაბაში, ჯაბას - ჯანდაბა, - ჯუჯღუნებს ჯული.

    ჯაბა ჯავრობს. ჯოხით ჯადოქარ ჯულის ჯობნის.

     ჯიხვი ჯაბასთანაა. ჯულის ჯადოსნობას ჯიხვიც ჯობნის.

    ჯუჯები ჯულისთან ჯაჯღანებენ: - ჯაბა ჯულის ჯობია.    

    ჯადოქარი ჯული ჯანდაბაში ჯანჯალებს.

               

H ჰაე

    ჰილდა ჰავანიდანაა. ჰარი - ჰერეთიდან.

    ჰილდას ჰალვა ჰყვარებია, ჰარის ჰამბურგერი.

     ჰილდას ჰულაჰუპი ჰქონია, ჰარის - ჰანტელები, ჰამაკიც.

    ჰიპოპოტამსაც ჰყვარებია ჰამბურგერი.

    - ჰმ, ჰარის ჰამბურგერი ჰქონია.

    - ჰქონია? ჰქონდეს. ჰამბურგერი ჰარისია.

    ჰილდა ჰიპოპოტამს ჰარის ჰამბურგერს ჰპირდება.

    - ჰიპოპოტამო, ჰა ჰამბურგერი.

    ჰარის ჰილდა ჰყვარებია. ჰილდას - ჰარი.

    ჰილდა ჰარისთანაა ჰამაკში.

 

    ჰარალე, ჰარი ჰარალე.

.

           

განმარტებითი ლექსიკონი

 

აკრობატი - ცირკის მსახიობი.

ალპინიზმი - მთამსვლელობა.

ალპები - ყველაზე მაღალი მთები ევროპაში.

ბდღვნიდნენ - ფრინველს ბუმბულს აცლიდნენ.

ბინადარი - მკვიდრი მაცხოვრებელი.

გნომი - ჯუჯა.

განძი - ძვირფასი ნივთები.

გორგოლა - პატარა ბურთულა.

გორგოლაჭი - იგივეა, რაც გორგოლა.

დედოფალა - თოჯინა.

ვარდნარი - ვარდის ბუჩქებიანი ადგილი.

ზორბა - დიდი, მოსული.

ზინზილები - მოსართვ-სამკაული.

ზურმუხტი - მწვანე ფერის ძვირფასი ქვა.

ზარდახშა - პატარა სკივრი, ძვირფასი ნივთების შესანახად.

ზვირთი - დიდი ტალღა ზღვაზე.

ზეგანი - სწორი ადგილი მთაზე.

თაღლითი - მატყუარა, ცბიერი.

იალაღი - მთის საძოვარი.

იაგუნდი - ლალი (ძვირფასი ქვა).

კრამიტი - გამომწვარი თიხა, ხმარობენ შენობის გადასახურავად.

კრუასანი - ფრანგული ნამცხვარი.

ლელი - წვრილღეროიანი მცენარე.

ლელიანი - ადგილი, სადაც ლელი ხარობს.

ლილია - ყვავილი.

ლაბირინთი - მრავალი შესასვლელისა და გამოსასვლელის მქონე ოთახი.

ლაბრადორი - ძაღლის ჯიში.

მოდიშეთი - გამოგონილი ზღაპრული ქვეყანა.

მოდიშელი - მოდიშეთის მაცხოვრებელი.

ნილოსი - მდინარე ეგვიპტეში.

ნობათი - საჩუქარი, ძღვენი.

ონავარი - მოუსვენარი, ცელქი.

ოინბაზი - ეშმაკი, მატყუარა.

ოქროვაშლა - პომიდორი.

ომლეტი - ერბოკვერცხი.

ჟონგლიორი - ცირკის მსახიობი.

ჟასმინი - ყვავილიანი ბუჩქი.

ჟამი - დრო, ხანი.

სადაფი - მარგალიტის ნიჟარა.

შლეგი - გიჟი, გადარეული.

ციმბირი - ადგილი რუსეთში.

ცემი - სოფელი ბორჯომის რაიონში.

ჯირკი - კუნძი.

ჯანდაბა - წყევლაა (უბედურება, ჯოჯოხეთი).

ჰავანა - კუბის დედაქალაქი.

ჰერეთი - ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში.

by სკივრში ნაპოვნი ზღაპრები